logo
ENG



ოხანაშვილი: ოპოზიცია მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქმედ პრინციპს ეწინააღმდეგება

28 მაი 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის კრიტიკას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეხმიანება.

მისი განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ ეწინააღმდეგება ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის დანიშვნას, მაშინ როდესაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც ინიშნებოდნენ მოსამართლეები.

„უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები ინიშნებიან 1955 წლიდან მოყოლებული. პირველად მესმის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება ამ პროცედურასთან დაკავშირებით. ის პრინციპი რაც მოქმედებდა ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იგივე პრინციპი აქვთ. გამოდის რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქმედ პრინციპს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი სასამართლოს მიმართავს, რომ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ დანიშნოს. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ კანდიდატის შერჩევის დროს მთავარი კრიტერიუმი, ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური ლოიალობა იქნება. 


close დახურვა